სამუშაო ვიზიტი სოფელ ყანდაურაში

21 June, 2018

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსი გილაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსი როსტომ ბაქრაძე, ამავე სამსახურის თანამშრომელი ვასილ აზარიაშვილი სამუშაო ვიზიტით სოფელ ყანდაურაში იმყოფებოდნენ. მათ მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან, ნანა ტაველიშვილთან ერთად ზემო ყანდაურაში დაათვალიერეს სასმელი წყლის რეზერვუარები, რომლებიც რეაბილიტაციას ან შეცვლას საჭიროებს.

დღემდე უფუნქციოდ არის დარჩენილი 150 ტონის მოცულობის რეზერვუარი, რომელიც 10 წლის წინ დამონტაჟდა. ამის მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ რეზერვუარში ჩამდგარ სასმელ წყალს არასასიამოვნო გემო ეძლეოდა. გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება  რეზერვუარის შიდა რეაბილიტაცია ან ახლით ჩანაცვლება.

ნანა ტაველიშვილის ინფორმაციით, ზემო ყანდაურაში განთავსებული კიდევ ერთი, 9 ტონის მოცულობის რეზერვუარი დაზიანებულია. თანაც, ამ მოცულობის წყალი ადგილობრივ მოსახლეობას არ ჰყოფნის. მერიის ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არსებული რეზერვუარი შეიცვალოს ახლით, რომლის ტევადობა 10 ტონა იქნება.

მერიის წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს სოფლის საჯარო სკოლის გვერდით არსებული 16 ტონის მოცულობის რეზერვუარი. ითქვა, რომ მასში დაგროვებული წყალი სრულად ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივ მცხოვრებლებს. დაიგეგმა არსებულის დემონტაჟი და 25 ტონის მოცულობის რეზერვუარის დადგმა.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებათა რეალიზება სოფელ ბადიაურის მოსახლეობას რეალურად გადაუჭრის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა შიდა სასოფლო გზებზეც. დაახლოებით 3.5 კილომეტრის სიგრძის გზა შესაკეთებელია. ალექსი გილაშვილის განცხადებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს გადაადგილებას.

 

Share page