გიორგიწმინდის საჯარო სკოლას სახანძრო დაფა გადაეცა

20 July, 2018

დღეს, 20 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსი გილაშვილმა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ საგარეჯოს ხანდაზმულთა ცენტრის მენეჯერმა მაია ალექსიშვილმა, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გიორგიწმინდის საჯარო სკოლას სახანძრო ფარი გადასცეს. ფარი აღჭურვილია ხანძრის ჩასაქრობად საჭირო ყველა აუცილებელი ატრიბუტით. 
მაია ალექსიშვილის განმარტებით, სახანძროფარის გადაცემა განხორციელდა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიმდინარე პროექტის („უსაფრთხო და სტაბილური თემის ჩამოყალიბება“) ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა მომზადებას ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეულ კატასტროფებზე რეაგირებისა და მოსალოდნელი რისკების შემცირებისთვის.
ხსენებული საზოგადოებისთვის გიორგიწმინდის საჯარო სკოლა წარმოადგენს ე.წ. სამიზნე სასწავლო დაწესებულებას, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთი სიმულაციური ვარჯიში განხორციელდა. შედეგად, მოსწავლეებმა მიიღეს საბაზისო ცოდნა, თუ კატასტროფების შემთხვევაში როგორ დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახის წევრები და სხვა, გარშემომყოფი ადამიანები. 
სკოლის ხელმძღვანელობამ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს როგორც „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“, ისე - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს და აქტიურადაც არის ჩართული მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. 
შეხვედრისას ალექსი გილაშვილმა, მერიის სახელით, მადლობა გადაუხადა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა რომ სამომავლოდ კიდევ არაერთი ერთობლივი პროექტი განხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

Share page