საგარეჯოს მუნიციპალიტეტს შირვინტუსის დელეგაცია ეწვია

25 September, 2018

 

24 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლიეტუვის რესპუბლიკის შირვინტუსის მუნიციპალიტეტის დელეგაცია - შირვინტუსის მერის ჟივილე პინსკუვიენეს, მუნიციპალიტეტის საბჭოს დეპუტატის დარიუს ვალკაუსკასის, მერიის ადმინისტრაციის უფროსის ინგრიდა ბალტუშაიტე-ჩეტრაუსკიენესა და საერთაშორისო საკითხებში მერიის სპეციალისტის აუშრინე მილიუკაიტე-ჟანოვსკიენეს შემადგენლობით. 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში დელეგაციას საზეიმო დახვედრა გაუმართეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა, მერის მოადგილეებმა ალექსი გილაშვილმა და პაატა ასრათაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ოთარ ჩალათაშვილმა, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა. ხელოვნების სკოლა „მი რე ლას“ აღსაზრდელებმა სტუმრების საპატივსაცემოდ ლიეტუვური ხალხური სიმღერა შეასრულეს. 
საზეიმო დახვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის სამუშაო კაბინეტში გაგრძელდა. გიორგი ერბოწონაშვილმა საპატიო სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ჟივილე პინსკუვიენემ მასპინძლებს სუვენირები უსახსოვრა. 
მხარეებმა ისაუბრეს ორი მუნიციპალიტეტის დამეგობრების მნიშვნელობის და სამომავლო, ურთიერთსასარგებლო პერსპექტივების შესახებ. საგარეჯოს და შირვინტუსის მუნიციპალიტეტების მერებმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიზანია საჯარო მართვისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარება, თანამშრომლობა ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და კულტურის საკითხებში. ამასთან, ხსენებული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდება ინფორმაციის გაზიარება ორივე მუნიციპალიტეტის ისტორიის, კულტურისა და ღირსშესანიშნაობათა შესახებ. 
დღევანდელი დღე დატვირთული იყო მთელი რიგი შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებებით. შირვინტუსის დელეგაციის წევრებს მასპინძლობა გაუწიეს: გიორგი ერბოწონაშვილმა, ალექსი გილაშვილმა, პაატა ასრათაშვილმა, ოთარ ჩალათაშვილმა, საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა მანანა ცუცქირიძემ, მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსმა არჩილ ჯაბადარმა, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა როსტომ ბაქრაძემ, ქალაქ საგარეჯოში მერის წარმომადგენელმა იოსებ მარხვაშვილმა, მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსმა ლევან ნიჟარაძემ, ამავე განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ნინო ქურხულმა და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ბელა ხანგოშვილმა. 
სტუმრებს თავდაპირველად ქალაქ საგარეჯოს №4-ე საჯარო სკოლა დაათვალიერებინეს, სადაც შეხვდნენ სკოლის დირექტორს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს. სკოლაში ვიზიტის დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განათლებასა და მომავალი თაობის აღზრდას, რისთვისაც საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან. სტუმრებმა მოინახულეს სკოლის დირექტორის, ნელი ბალახაშვილის ინიციატივით შექმნილი მცირე ისტორიული მუზეუმი, ე.წ. „მომავლის კლასი“ და სკოლის დერეფანში წარმოდგენილი მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრები. მოსწავლეებმა ეროვნული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
სტუმრებს ასევე ძალიან მოეწონათ და მაღალი შეფასება მისცეს უძველეს ისტორიულ-კულტურულ ძეგლს - ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსს. 
შირვინტუსის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დაინტერესება აგრეთვე გამოიწვია ქართული ღვინოების წარმოების პროცესმა, რაც მათ დეტალურად გააცნეს სოფელ პატარძეულთან მდებარე საწარმო „კახეთის ტრადიციულ მეღვინეობაში“.
საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებზე საუბარი გაგრძელდა სოფელ თოხლიაურში არსებულ, ახლად გახსნილ საოჯახო სასტუმრო „ვინერიაში“. სტუმრებმა და მასპინძლებმა სიმბოლურად ქართული ჩურჩხელებიც ამოავლეს. 
უამრავი ახალი ინფორმაციითა და ემოციებით დატვირთული დღის მიწურულს, დელეგაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს გულისხმიერ მასპინძლებს და დაჰპირდნენ, რომ უაღრესად საინტერესო ქვეყნის - საქართველოს, განსაკუთრებით კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად გააცნობენ შირვინტუსის მოსახლეობას.
ვიზიტი კიდევ 3 დღეს გასტანს, რაც არანაკლებ საინტერესო ღონისძიებებით იქნება დატვირთული.

Share page