ლიუტუვის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი საგარეჯოში

27 September, 2018

26 სექტემბერს, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი საგარეჯოს ეწვია. ელჩის ვიზიტი ორ მუნიციპალიტეტს - საგარეჯოსა და შირვინტუსს შორის მეგობრული და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან იყო დაკავშირებული. გიედრიუს პუოჯუნასი შეხვდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ერბოწონაშვილს, მერის მოადგილეებს ალექსი გილაშვილსა და პაატა ასრათაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს ოთარ ჩალათაშვილსა და მერიის თანამშრომლებს. ელჩმა დადებითად შეაფასა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივა, რომელიც ლიეტუვის რესპუბლიკის შირვინტუსის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებას და ამ მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს გულისხმობს. გიედრიუს პუოჯუნასმა ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობათა მართვის სფეროში ლიეტუვის რესპუბლიკაში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებზე. იგი ასევე დაინტერესდა იმ ახალი მიდგომებითა და ცვლილებებით, რასაც საგარეჯოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა ახორციელებს. შეხვედრას დაესწრნენ შირვინტუსის დელეგაციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც თავიანთი მუნიციპალიტეტის შესახებ საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, თანამედროვე გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სწრაფ განვითარებას. მით უფრო, რომ მას სერიოზული და მრავალმხრივი პოტენციალი გააჩნია. შეხვედრის შემდეგ, საპატიო სტუმრები საგარეჯოს კულტურის სახლში გამართულ კონცერტს დაესწრნენ და სცენიდან მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. გიედრიუს პუოჯუნასმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს გულთბილი დახვედრისთვის და ლიეტუველი ერის სახელით, საგარეჯოელებს წინსვლა და წარმატებები უსურვა.

 

Share page