პოლიეთილენის პარკების გამოყენება იკრძალება !

10 April, 2019

2018 წლის 14 სექტემბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა №472 დადგენილება “ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“.
აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, განისაზღვრა პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი), რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ასევე ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებასთან, იმპორტსა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს. დადგენილების მიზანია, პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება.
      აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალა ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ასევე, 2019 წლის 01 აპრილიდან აიკრძალა ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ამავე დადგენილების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია საქართველოს სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის/დადგენილების მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას
წინამდებარე დადგენილების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 825 მუხლით, რომლის თანახმად პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს მეწარმე-სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. ხოლო აღნიშნული ქმედება/დარღვევა ჩადენილი განმეორებით - გამოიწვევს მეწარმე-სუბიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

Share page