"ეტალონის" 2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსი

16 დეკემბერი, 2019

2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ცნობილია.

შუალედურ ფინალში გამარჯვებულ სამ მოსწავლეს გადაეცემა დიპლომები და ჯილდოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით - კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერები: პირველ ადგილზე გასულს - 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასულს - 800-ლარიანი ვაუჩერი, მესამე ადგილზე გასულს - 500-ლარიანი ვაუჩერი.

„ეტალონის“ საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურის პირველ ადგილზე გავიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარძეულის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა კოტორაშვილი.

პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ბურდიაშვილი:

„მადლობას გიხდით ამ გრანდიოზული, ეროვნული პროექტისთვის. ვფიქრობ, რომ „ეტალონს“ ანალოგი არ მოეძებნება. განუზომელია ემოცია და შინაგანი მზაობა, რომელიც დღეს თითოეულ მონაწილეს სახეზე აწერია და თითოეულ ჩვენგანს, რომლებიც ვგულშემატკივრობთ.

ლუკაში დარწმუნებული ვიყავი. როდესაც გადის რომელიმე კონკურსზე, მას ყოველთვის ასე ვამზადებ ხოლმე - „იბრძოლე გამარჯვებისთვის, მაგრამ მზად იყავი დამარცხებისთვის“,  იმიტომ, რომ წაგება და მოგება ტყუპი და-ძმასავით არიან. ძალიან გახარებული ვარ, ემოციას ვერ ვმალავ. შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებდით. მინდა მოვუწოდო სრულიად საქართველოს - მსგავსი პროექტი არის ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება, რომ მოსწავლეებს საკუთარი მე დაანახონ, რომ თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი თავის რეალიზება შეძლოს. ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ ეს მნიშვნელოვანი საქმე“.

„საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის“ლუკა კოტორაშვილის დამრიგებელი მარინე ჯინჭარაძე-ცხვარიაშვილი:

„სიტყვებით ამ სიხარულის გადმოცემა ძნელია. თითქოს წინათგრძნობაც მქონდა. ალბათ, თითოეული კლასის ხელმძღვანელს, რომელმაც ბავშვები წამოიყვანა, ჰქონდა ეს მოლოდინი, რომ სწორედ მათი მოსწავლე გაიმარჯვებდა. ჩვენ ძალიან დავიხარჯეთ, მაგრამ თვითონ ბავშვი იძლევა ამის საშუალებას და მოლოდინიც ამიტომ გვქონდა. ლუკა  საოცარი ბავშვია და მისი გამარჯვებისას ემოცია განუზომელი იყო. „ეტალონი“ ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს ბავშვებს, ძალიან შემართებით არიან. ზოგადად ასეა, როდესაც დადებითად განაწყობ მოსწავლეს, დადებითია მისი სწავლისადმი დამოკიდებულებაც“.

საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი, „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე“ ლუკა კოტორაშვილი:

„ველოდებოდი, რომ ჩემს სახელსა და გვარს იტყოდნენ. ემოციების გამოხატვა არ შემიძლია. ადრე უფრო ვნერვიულობდი ხოლმე, ვიდრე - დღეს. დღევანდელი დღისთვის ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი“.

  „საგარეჯოს ეტალონ მოსწავლის“ ლუკა კოტორაშვილის მშობელი ნანა კაპანაძე:

„სიხარულისგან არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტის წამომწყებ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, ასევე მადლობა სკოლის მასწავლებლებს, დირექტორს. ჩემი შვილი ემზადებოდა და მისი წარმატება მინდოდა, მაგრამ ასე პირველ ადგილს ნამდვილად არ ველოდი“.

გააზიარე