კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ

3 ივნისი, 2019

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. ამ ეტაპზე, შემოსულია 1200-ზე მეტი შეტყობინება. ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის“ პროგრამის მენეჯერი ნატალია ხარატიშვილი, საგარეჯოს მერი გიორგი ერბოწონაშვილი და სადაზღვევო კომპანია არდის წარმომადგენლები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ალექსი მალასიძეს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაზის ნაკვეთი დაათვალიერეს. სოფელ ჩაილურის მკვიდრს, ალექსი მალასიძეს სეტყვის შედეგად დაუზიანდა მოსავლის 30%. სადაზღვევო კომპანია არდი აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 10 800 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 50% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 3.5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 2295 ლარი შეადგინა. 
მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას, შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება მიიღოს. 
2019 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში გაცემულია 6,737 პოლისი; პროექტში ჩართულია 3,582 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 3,568,646 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 6,982 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 71,978,204 ლარია.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

გააზიარე