რეზერვის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია საგარეჯოში

27 ივლისი, 2018

 

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინიტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბენედიქტე გეგეჭკორმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქალაქ საგარეჯოში აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ასრათაშვილი, მერიის თანამშრომლები და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ. პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 - დან 50 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, ასევე სტუდენტებს 18 - დან 22 წლის ჩათვლით, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. პირველ ეტაპზე, რომელიც 1 აგვისტოს იწყება, განხორციელდება კახეთის, აჭარის და გურიის რეგიონების მაცხოვრებლების მიღება ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ, მათი ანაზღაურება კი ყოველთვიური წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნის შემთხვევაში, მათ ხელფასი სრულად შეუნარჩუნდებათ. რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და სამსახურის პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში. რეზერვში ჩარიცხული რიგითის წლიური ანაზღაურება საშუალოდ 2700 ლარს შეადგენს. რეზერვისტი სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. საბრძოლო მომზადება 45 დღეს შეადგენს, რომელიც 12 თვის განმავლობაში თანაბრად გადანაწილდება. ის ითვალისწინებს რეალური საბრძოლო უნარების შეძენას და საველე შეკრებებს, როგორც მომზადების ნაწილს. რეზერვში მიღების მსურველებს საბუთების შეტანა 1 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ. მის: ქ.თელავი, თამარ მეფის ქუჩა #36 (ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა).

 

 

 

 

გააზიარე