საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა

15 ოქტომბერი, 2019

 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, საგარეჯოს N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე -ალექსი გილაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლელა მარიდაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი, საგარეჯოს რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „საგარეჯოს ეტალონ მოსწავლეს“ მედეა სიფროშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლასაც გადაეცა.

ღონისძიებაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსი გილაშვილმა განაცხადა, რომ „ეტალონის“ გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის მერია იანვრიდან, ყოველთვიურად 100 ლარს გადასცემს. ხოლო კონკურსში მონაწილე სპეციალური საჭიროების მქონე პირს ტატო სულიკაშვილს კი სპეციალურ საჩუქარს.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებული „საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის მოსწავლეს-ლუკა კოტორაშვილს მიენიჭა. ლუკა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მე-2 ადგილზე სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლე-ნინო ბერიძე გავიდა, ხოლო მე-3 ადგილი სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლის მოსწავლემ-ნინო მაჩურიძემ დაიკავა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

გააზიარე