სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამა ამოქმედდა

23 იანვარი, 2019

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2019 წლის პროგრამა ძალაში შევიდა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 882 000 ლარით დაფინანსდება.
პროგრამით შემდეგი სამიზნე ჯგუფები ისარგებლებენ:
1) პირველ და მეორე შვილზე 300 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას მიიღებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც ახალდაბადებული ბავშვი ჰყავთ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა - 140 000-მდე;
2) 200 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომელთაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა - 140 000-მდე. 
3) 400 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარებით ისარგებლებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილინი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 ან მეტი შვილი (თუ აქედან ორი შვილი მაინც 18 წლამდე ასაკისაა) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა - 140 000-მდე. 
4) შემდეგი სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები (რომელთაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა - 140 000-მდე):
- ჯგუფის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
- საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები,
- 9 აპრილს დაზარალებულები და
- დევნილები,
სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, აგრეთვე ოპერაციების დაფინანსებისა ან თანადაფინანსებისთვის მიიღებენ მოთხოვნილი თანხის 70%-ს, თუ ეს თანხა არ აღემატება 1000 ლარს. 
ამავე სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებს, თუ ისინი სრულწლოვანები არიან, სრულად დაუფინანსდებათ 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა; 18 წლამდე ასაკის ბავშვებს კი - 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა. 
ამავე დროს, ხსენებული პროგრამით სამედიცინო დამხმარე საშუალებების შეძენა დაუფინანსდებათ: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და გ) ონკოლოგიურ პაციენტებს. ამ სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებს 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა სრულად დაუფინანსდებათ. 
5) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის თანხის დაფინანსდება 500 ლარით. 
დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა რეაბილიტაცია დაფინანსდება მათი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. 
სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვთა სამკურნალო რეაბილიტაცია კი დაფინანსდება 200 ლარით.
6) პროგრამა ითვალისწინებს როგორც ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარებას, ისე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის და ამ მკურნალობის შედეგად განვითარებული დაავადებების მკურნალობასაც. 
პროგრამით გამიზნულია ასევე სხვა სიმსივნური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო დახმარება - დაუფინანსებელი თანხის 50%-ით. 
აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა სტაციონარულ, ამბულატორიულ და ოპერაციულ მკურნალობაშიც - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსებელი თანხის 70%-ით (ლიმიტის ამოწურვამდე). 
ასევე სრულად და ლიმიტის ამოწურვამდე დაფინანსდება ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიისთვის მოთხოვნილი 500 ლარამდე თანხა. 
7) პროგრამა მოიცავს ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით დახმარებასაც, თუ მოთხოვნილი თანხა 500 ლარს არ აჭარბებს. 
შემდეგი სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებს (რომელთაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა - 140 000-მდე):
- სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს,
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს,
- ვეტერანებს,
- ეპილეფსიით დაავადებულ პირებს
გაეწევათ დახმარება საჭირო მედიკამენტების შეძენაში, თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 500 ლარს. 
საყურადღებოა, რომ პროგრამა ასევე მიზნად ისახავს:
I. ფენილკეტონურიით, ან სხვა იშვიათი დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით და სპეციალიზებული საკვები დანამატებით დახმარებას, სანამ 500 ლარამდე თანხის ლიმიტი არ ამოიწურება,
II. 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ პირთათვის საჭირო შაქრის საზომი აპარატის ჩხირების დაფინანსებას - 80 ლარის ფარგლებში (საჭიროების მიხედვით).
III. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების დაფინანსებას - სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე. 
IV. ყოველთვიურად 100 ლარამდე თანხით ერთ წლამდე ასაკის ბავშვების კვების დაფინასებას, თუ ისინი ცხოვრობენ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებში (რომელთაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა - 100 000 მდე).
8) პროგრამის მეშვეობით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, შშმ პირებს, ვეტერანებს, 9 აპრილს დაზარალებულებს და ონკოლოგიურ ავადმყოფებს დაუფინანსდებათ გამოკვლევები.
სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა - 140 000 მდე, აუნაზღაურდებათ სამედიცინო-დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონაროგრაფიის და ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების ხარჯები. ქვეპროგრამა ითვალისწინებს თანხის 50%-ით დაფინანსებას, არაუმეტეს 500 ლარისა. 
C ჰეპატიტიის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს კი დახმარება დაეწევათ თანხის 50%-ით, თუ იგი არ აჭარბებს 500 ლარს. 
ასევე განსაზღვრულია ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების დაფინანსება ლიმიტის ამოწურვამდე - 600 ლარამდე თანხით. 
9) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე დახმარება გაიცემა 50 ლარის ოდენობით, წლის განმავლობაში 6-ჯერ. 
10) 18 წლამდე ასაკის უდედმამო ბავშვებს მთელი წლის განმავლობაში დახმარება გაეწევათ თვეში 100 ლარის ოდენობით. 
11) პროგრამაში გათვალისწინებულია დაკრძალვის ხარჯის სახით 300 ლარის გაცემა:
- უპატრონო მიცვალებულებზე, რომელთაც არ ჰყავთ არცერთი რიგის მემკვიდრე; 
- გარდაცვლილ ლტოლვილებზე, არაიდენტიფიცირებულ და სოციალურად დაუცველ პირებზე (რომელთაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა - 70 000-მდე).
12) საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვისთვის დახმარების სახით გაიცემა თანხა 300 ლარის ოდენობით.
13) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა თითოეული ოჯახი დახმარების სახით მიიღებს თანხას 500 ლარის ოდენობით. 
14) პროგრამის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია თანხა დიდი სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯებისთვისაც: 100 ლარი ფულადი საჩუქარი სადღესასწაულოდ, ხოლო 250 ლარი - დაკრძალვის სარუტუალო ხარჯისთვის. 
15) პროგრამის მეშვეობით გაგრძელდება ა(ა)იპ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“ უფასო სასადილოების დაფინანსება.
16) სოციალურად დაუცველ ოჯახებს ადგილობრივი ბიუჯეტი მოხმარებული ელექტროენერგიის, ან ბუნებრივი აირის ღირებულების დაფარვაშიც დაეხმარება. საამისოდ, ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა - 100 000-მდე. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების დაფარვა შემდეგი წესით განხორციელდება: 
ა) მარჩენალდაკარგული ოჯახის შემთხვევაში, სადაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვის მიზნით – 1 ბავშვზე გაიცემა 10 ლარი, 2 და მეტ ბავშვზე - 15 ლარი; ბ) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ამავე გადასახადის გადახდის მიზნით მიიღებს თანხას – 1 ბავშვზე 10 ლარის, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით; 
გ. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახებს გაეწევათ დახმარება – თვეში 10 ლარის ოდენობით; დ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილე შშმ პირები მიიღებენ თანხას - თვეში 10 ლარის ოდენობით ე. ბიუჯეტი თვეში 10 ლარის ოდენობის თანხით დაეხმარება რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახებსაც.
ვ. ამავე მოცულობის დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახებიც, რომლებსაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიენიჭათ სარეიტინგო ქულა - 65 000-დან 100 000-მდე. 
17) უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა 500 ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც:
- ცხოვრობენ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახში, 
- არიან სოციალურად დაუცველნი და დედით, ან მამით ობოლნი, 
- ჰყავთ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობელი, 
- არიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, 
- ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობელი ან მშობლები და ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. 
18) გათბობის ხარჯის ანაზღაურებისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების უზრუნველყოფაზე გამოიყოფა თანხა 50 ლარის ოდენობით, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის კი, გამონაკლისის სახით, 100 ლარის ოდენობით. 
19) 95 წელს გადაცილებულ მოხუცებს საჩუქრად გადაეცემათ თანხა 200 ლარის ოდენობით.
20) პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტი ასევე დაეხმარება: 
- ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტებს, 
- ადრეული განვითარების შეფერხებისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს რეაბილიტაციისთვის ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვაში. აღსანიშნავია ისიც, რომ თანადაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია მოცემული პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო პუნქტამდე არსებულ მანძილზე და განისაზღვრება ყოველთვიურად: ისინი სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების შემთხვევაში 20-50 ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტის გარეთ სამედიცინო მომსახურების მისაღებად 50-100 ლარით დაფინანსდებიან.
21) პროგრამის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა საცხოვრებლით უზრუნველყოფს შემდეგ სამიზნე ჯგუფებს:
- სტიქიით, ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევის შედეგად დაზარალებული ოჯახებს, 
- უსახლკარო ოჯახს, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს,
- მარტოხელა სტატუსის მქონე პირებს,
- ადამიანებს, რომლებიც ძალადობას ან ტრეფიკინგს ემსხვერპლნენ.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბინის ქირა დაეფარებათ იმ ოჯახებს, რომელთაც ორი, ან ორზე მეტი შშმ პირი ჰყავთ. 
დახმარება განისაზღვრება თვითოეულ კატეგორიაზე 105.27 ლარით. 
მარტოხელა სტატუსის მქონე პირთათვის, ძალადობის ან ტრეფიკინგის მხვერპლთათვის ქირის თანხა გაიცემა ექვსი თვის განმავლობაში. 
22) მთელი წლის განმავლობაში, კვირაში ორჯერ, განხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება სოფელი უდაბნოდან ქალაქ საგარეჯოში. 
23) სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ სააღდგომო და საახალწლო ამანათები.
24) პროგრამა მოიცავს ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ოფისთან („წითელი ჯვარი“) ურთიერთობასაც . 
25) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის სოციალური პროგრამა გამიზნულია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის. 
26) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის განხორციელდება საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა, რისთვისაც ერთ ოჯახზე დაიხარჯება არაუმეტეს 500 ლარისა.
27) ხსენებული პროგრამა აგრეთვე გულისხმობს საგარეჯოს ტექნიკუმის შენობაში მცხოვრები, ეტლით მოსარგებლე შშმ პირისთვის პანდუსის მოწყობას და მერიის ბალანსზე არსებულ შენობა-თავშესაფრებში მცხოვრები პირებისთვის მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას.

გააზიარე