მერია „დანერგე მომავლის“ წარმატებული პროექტების უკეთ გაცნობით ინტერესდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილისთვის აგრარული სექტორის განვითარების, ფერმერთა საქმიანობის და დასაქმების პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, მერია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საგარეჯოს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრთან.
მერის მრჩეველმა პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, სანდრო უსტიაშვილმა ცენტრის ხელმძღვანელ ნიკო ჯავახიშვილთან და წამყვან სპეციალისტ აკაკი დეკანოზიშვილთან ერთად ახლად გაშენებული ნუშის ბაღები მოინახულა. ნიკო ჯავახიშვილის განმარტებით, ეს პროექტი სახელმწიფო პროგრამა - „დანერგე მომავლის“ ხელშეწყობით განხორციელდა.
„- ხუთმა ფერმერმა საერთო ჯამში 68 ჰექტარზე შარშან და წელს გააშენა ნუშის კულტურა; სახელმწიფო პროგრამით მათ დაუფინანსდათ ნერგების ღირებულების 70% და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%,“- აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა.
სტუმრებმა ერთ-ერთი ფერმერის, კუთვნილი ტერიტორია მეპატრონესთან ერთად დაათვალიერეს.
„- არ შემიძლია, უდიდესი მადლიერების გრძნობა არ გამოვხატო სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და საგარეჯოს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მიმართ. თქვენი დიდი თანადგომის და ყურადღების შედეგია ამ ბაღების გაშენება. ხუთივე ფერმერი ვეძებდით ოპტიმალურ ნიადაგს და ადგილს ნუშის დასარგავად. სპეციალისტებმა აქ, პატარძეულის მეფრინველეობის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია გვირჩიეს. გაშენებული გვაქვს ნუშის გვიან მოყვავილე, უცხოური ჯიშები: იტალიური „სუპერ-ნოვა“, ესპანური „გუარა“ და ესპანური „სოლეტა“. მათი მსხმოიარობა იწყება მე-4 წელს, ხოლო სრულ მსხმოიარობას მე-6 წელს აღწევს. სახელმწიფოს ყურადღებამ განაპირობა ის, რომ, რაც დრო გადის, მით მეტი ადამიანი ინტერესდება აგრარულ სექტორში პროექტების განხორციელებით,“- განაცხადა ფერმერმა.
საუბრისას აღინიშნა ისიც, რომ ნუშის ნერგების დასარგავად და მის მოსავლელად სწორედ ადგილობრივი მაცხოვრებლები დაიქირავეს. ქალაქ საგარეჯოსა და სოფელ პატარძეულში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ოჯახს სტაბილური შემოსავალი გაუჩნდათ. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ევროპის ბაზარზე უკვე არსებობს მოთხოვნა საქართველოში მოწეულ ნუშზე. ამ მოთხოვნაზე საპასუხოდ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა წარმატებით ხორციელდება საგარეჯოს მუნციპალიტეტშიც. მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელებული სხვა წარმატებული პროექტების მონახულებასაც გეგმავს.