„განახლებული რეგიონების“ პროექტები დასრულების ფაზაშია
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში „განახლებული რეგიონების“ პროექტები დასრულების ფაზაშია.
პროგრამით დაფინანსებული ურბანული განახლების პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება, ეს კი დადებითად აისახება იმ ხარჯებზე, რაც ამ შენობების გათბობას უკავშირდება.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, იცვლება შენობების კარ-ფანჯრები, მიმდინარეობს საინჟინრო და საკომუნიკაციო სისტემების გამართვა, სკვერებისა და პარკების რეკონსტრუქცია, რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცეების, ტროტუარების, განათების მოწყობა და სხვა.
კახეთის რეგიონში დასასრულს უახლოვდება თელავის შემოსასვლელში თბილისის გზატკეცილსა და რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობების რეაბილიტაცია; ახმეტაში ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ურბანული განახლების აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს; გურჯაანში რეაბილიტაცია უტარდება ნონეშვილის ქუჩასა და დასასვენებელ პარკებს; დედოფლისწყაროში ცენტრალური ნაწილის, ხოლო ქ. ყვარელში ილია ჭავჭავაძის ქუჩის განახლება სრულდება. ქ. ლაგოდეხში ზაქათალის ქუჩისა და ე.წ. „პოლკოვის ბაღის“, საგარეჯოში დავით აღმაშენებლის ქუჩის, ხოლო სიღნაღში სხვადასხვა ქუჩაზე სეგმენტური რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნია, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და მუნიციპალიტეტების მერები გაეცნენ.
სამშენებლო სამუშაოები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.