Hot line : 599801744

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნიადაგის ნულოვანი დამუშავებისა და თესვის ტექნოლოგიის ინოვაციური პრაქტიკა ინერგება

18 January, 2023

 

სუფთა წყლისა და სუფთა ჰაერის მსგავსად, კარგი, სასოფლო-სამეურნეო ნიადაგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - და ჩვენ მას დიდი რაოდენობით ვანადგურებთ.

 

ყოველწლიურად მსოფლიოში სამეურნეო მიზნებით გამოყენებას

აკლდება 5 -7 მლ. ჰა სახნავი მიწის ფართობები, საიდანაც ფართობების 60%

წყლისმიერი ეროზიის შედეგად, ხოლო 40% — ქარისმიერი ეროზიის გამო ნადგურდება. მიწის ამგვარი დეგრადაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის კონვენციურ მიწათმოქმედების მეთოდოლოგიას რომელიც მოიცავს ნიადაგის ტოტალურ ხვნას. ხვნის ძირითადი დანიშნულებაა მოსავლის ნარჩენების, სარეველების და მავნებლების დამარხვა, ნიადაგის აერაცია და დათბობა. თუმცა ამ პრაქტიკის უარყოფითი მხარეები დადებითს ბევრად აღემატება. ნიადაგის ზედა ფენის მოცილება მას ქარისა და წყლის ეროზიის მარტივ სამიზნედ აქცევს. მეთოდი გამოყოფს ნიადაგის ნახშირბადს ჰაერში, რაც ხელს უწყობს სათბურის ეფექტს. ნიადაგის ქვეშ მცენარეებისა და მავნებლების დამარხვით, ნიადაგის ორგანიზმის აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობენ ნიადაგის ნაყოფიერებას, ნადგურდებიან მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისას. სახნავი ფენის ხშირი გადაბრუნების და გაფხვიერების შედეგად ნიადაგების დეგრადაციის პროცესი კატასტროფულ ფორმებს იღებს და დროთა განმავლობაში დამუშავებული ნიადაგი განადგურებული და უნაყოფო გახდება. სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის ეს მეთოდი გამოიყენება ათასობით წლის განმავლობაში და ბევრმა ფერმერმა სხვა გზა არც იცის.

 

ზემოთხსენებული მიზეზების გამო საჭიროა შემუშავებული და დანერგული იქნას ნიადაგის დამუშავების ისეთი ტექნოლოგიები რომლებიც ერთდროულად ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ხასიათსაც ატარებენ. ნიადაგის ეროზიის თავიდან აცილებისათვის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა ნიადაგის ხვნა ბელტის გადაბრუნების გარეშე. ამ დროს არ ხდება ნაწვერალისათვის და ნიადაგის ქვედა ფენებისათვის ადგილის შეცვლა, არამედ მიმდინარეობს მათი ადგილზე ერთდროული გაფხვიერება. აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება ყველაზე მისაღებია საკვები მარცვლეული კულტურების მოყვანისას. ამის გარდა, რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება ასევე გულისხმობს ვეგეტაციის პერიოდში ყველა იმ ოპერაციის ჩატარებას, რაც საჭიროა ერთწლიანი მარცვლეული კულტურების მოსაყვანად.

 

ნიადაგის ნულოვანი დამუშავებისა და თესვის ტექნოლოგიას ახლავს არაერთი უპირატესობა. ეს მეთოდი ნიადაგს უნარჩუნებს ნაყოფიერებას და იცავს ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისგან. ნიადაგის ზედა ფენა და მცენარეული საფარი ხელს უშლის ნიადაგიდან წყლის აორთქლებას რაც 40%-ით ზრდის ნიადაგის ტენიანობას. დაახლოებით 30%-ით მცირდება მექანიზაციისთვის საწვავის გამოყენება, რაც თავის მხრივ ნახშირბადის ნაკლებ გამოყოფას განაპირობებს. მიწის მომზადების პროცესის განსახორციელებლად საჭირო ცოცხალი ძალა მცირდება, რადგან ხვნის მთელი პროცესი ამოღებულია. ასევე მცირდება შრომის ანაზღაურების ღირებულება, რაც იწვევს ფერმის წარმოების ღირებულების მთლიან შემცირებას. 25-30%-ით მცირდება ფულადი საწარმოო ხარჯები და 15-20%-ით მცირდება ენერგეტიკული დანახარჯები. ეკომეგობრული მეურნეობის პრაქტიკა ამცირებს ნიადაგის დამუშავებაზე დახარჯულ დროს და მთლიან პროცესს ბევრად აჩქარებს.

 

ეს ტექნოლოგია, უახლოეს წარსულში, ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ფერმერებისათვის, რადგან ის გულისხმობს სრული ტექნოლოგიური ციკლის ერთი გავლით ჩატარებას. ეს პროცესი დამოკიდებულია მეურნეობაში სპეციალური მანქანა-იარაღების არსებობაზე, რაც ინდივიდუალური ფერმერისათვის აქამდე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. თუმცა, დღესდღეობით სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და ეს ტექნოლოგია ინდივიდუალური ან დამოუკიდებელი მცირე ფერმებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

 

მიწის დამუშავების ამ მეთოდის დანერგვისათვის თავდაპირველად საჭიროა რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ტიპის საპილოტე პროექტების განხორციელება და ფერმერებისათვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა. ამასთანავე საჭიროა მიწათსარგებლობის საკანონმდებლო ბაზის გამკაცრება, რათა მიწის ექსპლოატაციის პროცესში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გადავიდეს მის მფლობელზე. პარალელურად საჭიროა ფერმერებისა და ზოგადად სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობის ამ მიმართულებით სწავლება და ცნობიერების ამაღლება.

 

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებული პროექტის „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი სასოფლო თემებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, პროექტის ბენეფიციარ ფერმერებთან საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2020-22 წლის სამეურნეო სეზონებზე ნიადაგის ნულოვანი თესვის ტექნოლოგიით დაითესა 40 ჰა-მდე ფართობი. ძირითადად აღნიშნული ტექნოლოგიით დაითესა როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო თავთავიანი კულტურები სოფელ პატარძეულში. ნულოვანი თესვის ტექნოლოგიამ წელს 1 ჰა ფართობზე ფერმერს 30%-ით შეუმცირა თესვის ხარჯი და მისცა 390 ლარის ეკონომია.  

 

პროექტი ინიცირებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დახმარებით.

Share page