გარეჯობა 2018

21 May, 2018

გასული საუკუნის 70-80-იან წლებში საგარეჯოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“, რომელიც დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს მდებარე, ჩიჩხატურის კოშკთან ყოველწლიურად იმართებოდა და საქართველოს ყველა კუთხიდან მოწვეულ სტუმრებს მასპინძლობდა. 1988 წლის შემდეგ, კი ეს დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს აღინიშნა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ძალზე აფასებს და არასდროს ივიწყებს ასეთ ლამაზ და მნიშვნელოვან ტრადიციებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივით, გადაწყდა 21 წლის შემდეგ ამ საინტერესო და სანახაობრივი დღესასწაული აღდგენა სწორედ იმავე ადგილზე და იმ ფორმატით, როგორც ის პირველად, 1976 წლის 16 მაისს გაიმართა. 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით, 19 მაისს ჩიჩხატურის კოშკთან „გარეჯობა 2018“ გაიმართა. სახალხო დღესასწაულს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად, ესწრებოდნენ: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნიის, კულტურის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები.
დღესასწაული გაიხსნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილის, საკრებულოს თავმჯდომარის ოთარ ჩალათაშვილისა და საგარეჯოს ა.ი.პ კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორის ბესიკ ღვინაშვილის სიტყვაში გამოსვლით, რომლებმაც რიცხვმარავალ დამსწრე საზოგადოებას „გარეჯობა“ მიულოცეს და ამ დღესასწაულის ეროვნულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გაიმართა ტრადიციული დოღი, რომელშიც პირველობა არავის დაუთმო სოფელ უდაბნოს მცხოვრებმა ლუკა მარგიანმა.
გამოიფინა საგარეჯოელი მხატვრის თამარ იორამაშვილის ნახატები, ხეზე კვეთის ოსტატის ცაცა ზულიაშვილის ნამუშევრები და ახალგაზრდა პედაგოგის, თეა ბუზარიაშვილის ქართული ხალხური რეწვის ნიმუშები.
პარალელურ რეჟიმში წარიმართა შეჯიბრი ქართული ჭიდაობაში და მრავალფეროვანი ნომრებით დატვირთული კონცერტი. 
ტრადიციისამებრ, ჭიდაობაში გამარჯვებულისთვის ჯილდოდ დაწესებული იყო ჭედილა, რომელიც წილად ხვდა ლაშა მათიაშვილს. 
კონცერტი, რომელსაც საგარეჯოს მიხეილ ჭიაურელის სახელობის სახალხო თეატრის მსახიობი პაატა ქვლივიძე უძღვებოდა, გაიხსნა ამავე თეატრის მიერ მომზადებული, ისტორიულ თემატიკაზე აგებული სპექტაკლით „გარეჯულა“. პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ნომრები წარმოადგინეს საგარეჯოში მოქმედმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, რომლებთან ერთად სცენაზე გაჟღერდა მუსიკალური ჯგუფ ,,ძმები“-ს და ანსამბლ „ალილოს“ მიერ შესრულებული სიმღერები. კონცერტი დაამშვენა მარინა შანიძის სიმღერის პრემიერამ - მომღერალ ტატო გოდერძიშვილის შესრულებით და უკრაინული მუსიკალური ჯგუფის წევრის ,,musik-bomb”-ის წევრის, ივანა კოტიაშ-ელერდაშვილის გამოსვლამ. დამსწრე საზოგადოებას სცენიდან მიესალმნენ დანიელი სტუმარი და მისი ქართველი მასპინძლები, რომლებიც სოფელ უდაბნოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე ახალგაზრდული ფესტივალის გამართვას გეგმავენ.
როგორც დაანონსებული იყო, აღდგა კიდევ ერთი ტრადიცია: ღონისძების დასასრულს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა „საპატიო გარეჯელის“ წოდება მიანიჭა და მედლები გადასცა საგარეჯოში მცხოვრებ, სხვადასხვა დარგში დამსახურების მქონე და ღვაწლმოსილ ადამიანებს: გივი ონაშვილს, ლევან თედიაშვილს, რომან ზუკაკიშვილს, ზაირა ივანიაშვილს, ნელი გულიკაშვილს, თამარ გოცირიძეს, ლენა ანუაშვილს, ილია ქვლივიძეს, ალექსანდრე ელერდაშვილს (გარდაცვალების შემდეგ). 
გიორგი ერბოწონაშვილის თქმით, „გარეჯობა“ წარმოადგენს დიდი მნიშვნელობის მქონე ეროვნულ დღესასწაულს, რომელიც შემდგომშიც ყოველწლიურად გაიმართება. მან მადლობა გადაუხადა დღესასწაულზე მოსულ ადამიანებს, რომლებიც ვერ ფარავდნენ კმაყოფილებას ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამის ხილვის გამო.

 

გააზიარე