მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი

მუნიციპალიტეტის ცენტრია  ქ. საგარეჯო,  რომელიც  თბილისიდან აღმოსავლეთით 45 კმ-ითაა დაშორებული. ქალაქი ზღვის დონიდან 772 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტს  აღმოსავლეთიდან გურჯაანის, დასავლეთიდან გარდაბნის, ჩრდილოეთიდან კი თიანეთის და თელავის მუნიციპალიტეტები  ესაზღვრება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამხრეთის საზღვარი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ემიჯნება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს 1553.69 კვ.კმ.  რელიეფი ხასითდება მთაგორიანი ზეგანით, რომელსაც კვეთს მდინარე იორი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ჩრდილო ნაწილი განლაგებულია ცივ–გომბორის მთისწინეთზე და ძირითადად  ტყე–ბუჩქნარით  არის დაფარული, მისი სამხრეთი და სამხრეთ–აღმოსავლეთ  ნაწილის დაბლობი უტყეოა, ხოლო ჩრდილო ნაწილი ტყით არის შემორტყმული. აქ ჰავა ზომიერი კონტინენტურია, ნალექების რაოდენობა მერყეობს 500-დან-700 მილიმეტრამდე. უმაღლესი მწვერვალია მთა “ცივი” (ზღვის დონიდან 1991 მეტრი).

მუნიციპალიტეტის  ტერიტორიული  ორგანოებია:

ქალაქი  საგარეჯო, სოფლები:  გომბორი, კოჭბაანი,  უჯარმა, ხაშმი, პატარძეული, წყაროსთავი, ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი, ვერხვიანი, ყანდაურა, ბადიაური, მზისგული, შიბლიანი, იორმუღანლო, დუზაგრამა, ლამბალო, თულარი, სათაფლე, უდაბნო.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხოვნობა (2016 წლის 20 იანვრის მონაცემებით) – 67 972 სული

მათ შორის: ქალაქის – 12 650,  სოფლის – 55 322;

მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:

ქართველები – 23 450 კაცი, აზერბაიჯანელი – 23 918 კაცი, აფხაზი – 2 კაცი, ბერძენი – 18 კაცი, ოსი – 100 კაცი, უკრაინელი – 4 კაცი, სომეხი – 66 კაცი, ქისტი – 1 კაცი, რუსი –215 კაცი, იეზიდი – 352 კაცი

მოსახლეობის რიცხოვნობა  მუნიციპალიტეტის  დასახლებებში:

ქ. საგარეჯო –12650 სული

გომბორის თემი – 1270 სული, უჯარმის თემი – 993 სული, კოჭბაანის თემი – 440სული, სოფ.ხაშმი – 1730 სული, სოფ. პატარძეული –3108 სული,  სოფ.ნინოწმინდა – 2620 სული, სოფ.წყაროსთავი – 1200 სული, გიორგიწმინდის თემი –2940 სული,  სოფ. თოხლიაური – 1108 სული, სოფ.სათაფლე – 145,  მანავის თემი –3381 სული, სოფ. დიდი ჩაილური – 1153 სული, სოფ.პატარა ჩაილური – 1147 სული, სოფ.კაკაბეთი  –3341 სული,  სოფ.ვერხვიანი – 568 სული, სოფ. ყანდაურა –1354 სული, სოფ. ბადიაური – 1575 სული, სოფ.მზისგული – 760 სული, სოფ.შიბლიანი – 667 სული, იორმუღანლოს თემი – 6500 სული,დუზაგრამას თემი – 3509 სული ,ლამბალოს თემი - 8934, თულარის თემი –6049 კაცი, სოფ.უდაბნო – 830 სული.

 

მუნიციპალიტეტის ტერიტორია სრულად არის მოქცეული მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების „მაგთიკომის“, „ჯეოსელის“, „ბილაინის“ დაფარვის ზონაში.

ქ.საგარეჯოში ასევე ფუნქციონირებს კავშირგაბმულობის კომპანია „სილქნეტი“. ინტერნეტ კავშირს უზრუნველყოფენ შემდეგი ინტერნეტ პროვაიდერები: „სილქნეთი“, “დელტა ნეტი”, “მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“.

მთლიანად გაზიფიცირებულია ქ.საგარეჯო, ასევე სოფლები:ხაშმი, პატარძეული, გიორგიწმინდა, ნინოწმინდა, წყაროსთავი, თოხლიაური, მანავი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი, ვერხვიანი, ყანდაურა, ბადიაური,მზისგული, იორმუღანლო,დუზაგრამა, ლამბალო, და თულარი რომლებსაც ბუნებრივ აირს აწვდის კომპანია „სოკარი“.

ელექტროენეერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს „კახეთის ენერგო დისტრიბიუცია“.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 26 საჯარო სკოლა, რომელთაგან 25–ში სწავლება ხორციელდება დაწყებითი–საბაზო–საშუალო (I–IX–XII კლასი) საფეხურზე, ხოლო ერთში – დაწყებით–საბაზო (I-IX კლასი) საფეხურზე. აღნიშნული სკოლებიდან 4 მდებარეობს ქ.საგარეჯოს ტერიტორიაზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 2 არასახელმწიფო (კერძო) საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელთაგან  ს.პ.ს. „პატარძეულის ქართულ–ფრანგული სკოლა–ლიცეუმი ახორციელებს სწავლებას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი–საბაზო–საშუალო საფეხურზე, შ.პ.ს.“ილია“, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საშუალო საფეხურზე და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს 26 სკოლამდელი (საბავშვო ბაღი და ბაგა–ბაღი) სასწავლო–სააღმზრდელო დაწესებულება, ორი სკოლისგარეშე დაწესებულება: ქ.საგარეჯოს მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლი და სოფელ დუზაგრამის ქართული ენის შემსწავლელი ცენტრი.

ასევე ქ.საგარეჯოში ფუნქციონირებს ა.ი.პ „ჯემალ ბურჯანაძის სახელობის სამუსიკო სკოლა“.

ქ. საგარეჯოში  არსებობს  გასართობი  ახალგაზრდული  კლუბი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სამი სასპორტო სკოლა, სადაც მოზარდები ვარჯიშობენ სპორტის 9 სახეობაში: ქართული ჭიდაობა, სამბო, ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ფეხბურთი, რაგბი, ჭადრაკი, მძლეოსნობა, ცურვა. ამჟამად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არის 10 საჭიდაო დარბაზი, 10 მინი და ერთი სტანდარტული ტიპის სპორტული მოედანი. მოწყობილია სამი რეკრეაციული ზონა, არის აუზი და ჩოგბურთის კორტები.

გააზიარე