პასუხი სკრინინგის ანგარიშზე

14 აგვისტო, 2023

შპს „ჯორჯიან როუდ მატერიალსს“

მის: თბილისი, ი. აბაშიძის ქ. №64, ბ. №23 ელ. ფოსტა: schedia@yahoo.com

ასლი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს

სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განიხილა თქვენი მიმდინარე წლის 19 ივლისის №6866 სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ხაშმში სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობასა და ექსპლუატაციას. გაცნობებთ, რომ სკრინინგის განცხადებაში დაზუსტებას საჭიროებს საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

 სკრინინგის განცხადების თანახმად, ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა დაგეგმილია სს „კავკასავტომაგისტრალის“ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელსაც შპს „ჯორჯიან როუდ მატერიალსი“ ფლობს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა, სკრინინგის განცხადებას არ ერთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, ვინაიდან საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებული იყო სს „კავკასავტომაგისტრალის“ საკუთრებაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმო, რომელსაც 2019 წელს შეთანხმებული აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში, დაზუსტებას საჭიროებს აღნიშნული ობიექტის ფუნქციონირების საკითხი;

 მონაცემთა ელექტრონული გადამოწმებით დგინდება, რომ საპროექტო საწარმოს საკადასტრო საზღვრიდან დაახლოებით 160 (ს/კ: 55.15.59.000.087) და 290 (ს/კ: 55.15.53.000.145) მეტრში მდებარეობს ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. შესაბამისად, წარმოდგენილ დოკუმენტში დაზუსტებას საჭიროებს მანძილი საპროექტო საწარმოდან უახლოეს საცხოვრებელ სახლამდე. ამასთან, მონაცემთა ელექტრონული გადამოწმების შედეგად, ასევე, დგინდება, რომ სკრინინგის განცხადებაში მოცემული უახლოესი საცხოვრებელი სახლი (ს/კ: 55.15.59.000.006) ნაცვლად 500 მეტრისა, მდებარეობს საპროექტო საწარმოს საკადასტრო საზღვრიდან დაახლოებით 330 მეტრში;

 დოკუმენტის 2.6 თავში მითითებულია, რომ „სასარგებლო წიაღისეულის საწარმოს სამუშაო საათების ხანგრძლივობა შეადგენს 1000 სთ/წელ (125 სამუშაო დღე, 8 საათიანი რეჟიმით), რა დროსაც 80 მ 3 /სთ წარმადობის სამსხვრევი დანადგარის მუშაობის პირობებში ადგილი ექნება 80 0000 მ 3 ნედლეულის გადამუშავებას“. შესაბამისად, დაზუსტებას საჭიროებს ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საწარმოს საპროექტო წარმადობა;

 სკრინინგის განცხადების 2.7 თავში აღნიშნულია, რომ ქვიშა-ხრეშის გადამუშავება დაგეგმილია სველი მეთოდით, რისთვისაც წყალაღება მოხდება უსახელო ღელედან. დაზუსტებას საჭიროებს ზედაპირული წყლის ობიექტიდან აღებული წყლის ამოღების და საწარმომდე მიყვანის ტექნიკური გადაწყვეტის შესახებ ინფორმაცია;

 დოკუმენტში წარმოდგენილი არ არის ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნიკური გადაწყვეტის ეფექტურობის და გაწმენდილი ჩამდინარე წყლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია;

 სკრინინგის განცხადებაში წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია დალექილი შლამის მართვის თაობაზე;

 დოკუმენტში წარმოდგენილი არ არის ობიექტის ფუნქციონირების პროცესში ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია და უახლოეს მოსახლემდე დაშორების მანძილის გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე მოსალოდნელი ზემოქმედების საკითხი;

 სკრინინგის განცხადებაში დაზუსტებას საჭიროებს საწარმოს ფუნქციონირებით მოსალოდნელი ხმაურის გაანგარიშების შედეგები, უახლოეს მოსახლესთან დაშორების მანძილის გათვალისწინებით;

 დოკუმენტის 4.6 თავში აღნიშნულია, რომ „საპროექტო არეალში არ აღინიშნება სხვა რაიმე ტიპის საწარმოს არსებობა და შესაბამისად, კუმულაციური ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის“. თუმცა, მონაცემთა ელექტრონული გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ საწარმოს საკადასტრო საზღვრიდან დაახლოებით 390 მეტრში განთავსებულია შპს „ბორან კონსტრაქშენის“ ინერტული მასალების გადამამუშავებელი საწარმო (ს.კ: 81.12.01.627). შესაბამისად, დოკუმენტში წარმოდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული საწარმოების ერთობლივი ფუნქციონირების პირობებში მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია, როგორც ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე, ისე - აკუსტიკური ხმაურის გავრცელების კუთხით;

 სკრინინგის განცხადების 4.7 თავში მითითებულია, რომ „საწარმოს გავლენის ზონაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ არსებობს და აქედან გამომდინარე მათზე რაიმე ნეგატიური ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის“. თუმცა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კორესპონდენციის თანახმად, საპროექტო ტერიტორია ექცევა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - „წმ. ნიკოლოზის ეკლესია (ჩოლოყაშვილების სასახლის კომპლექსი)“ - ვიზუალური დაცვის არეალში. შესაბამისად, მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 36-ე მუხლის მიხედვით, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვიშა-ხრეშის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის საკითხი საჭიროებს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებას და შესაბამისი შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით შესწორებული სკრინინგის განცხადების წარმოდგენის შემდეგ.

ვასილ გედევანიშვილი

სააგენტოს უფროსი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

გააზიარე