მუნიციპალიტეტის გამოჩენილი და საპატიო მოქალაქეები
გიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძე (დ. 8 იანვარი, 1900 [ძვ. სტ. 27 დეკემბერი, 1899], პატარძეული, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 9 აგვისტო, 1966, თბილისი) — ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
მამა — ნიკო ლეონიძე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა - სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა - ზაქარია გულისაშვილი - ხალხოსანი მწერალი, „შაქროს“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა.
ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. გიორგის მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედამისს დააწვა მხრებზე.
1907 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს "გვირგვინი" და "ფანდური", რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ გამოსცა ლიტერატურული ალმანახი "საფირონი".
პირველი ლექსი „მცხეთა“ ყრმობის ჟამს გამოაქვეყნა (1911, გაზეთ „სინათლე“). ერთი წლის შემდეგ ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, რომელიც საპასუხო ლექსით (1912, დაიბეჭდა გაზეთ „განათლებაში“) გამოეხმაურა პოეტს. 1912 წლიდან ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 წელს ასახელებდა. ამ წელს დასტამბულ ლეონიძის ლექსებში, წერილში „ოსკარ უალდი“ (ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, № 51) და სხვა აშკარად გამოჩნდა პოეტის მოდერნისტული განწყობილებანი. 1918 წელს იგი დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“, რომლებთანაც ანათესავებდა ქართულ ნიადაგზე მოდერნიზმის გადმონერგვის სურვილი და ლექსის ტექნიკური სრულყოფისაკენ სწრაფვა. ეს წლები ერთგვარი „ოსტატობის სკოლა“ გამოდგა ახალგაზრდა პოეტისათვის, რომელიც გარკვეული ხარკი მიუზღო სიმბოლიზმს (ლექსები: „ოფორტი“, 1919; „მზე ტაბასტა“, 1922; „ავტოპორტრეტი“ და სხვა წერილები და ნარკვევები). 1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა. 1921 წელს ლეონიძემ ტ. ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლჲიუციის პოეტები“. 1922-1923 წლებში იგი „ცისფერყანწელთა“ ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს“ რედაქტორობდა. ლეონიძე მაინც შორს იყო ორთოდოქსული სიმბოლიზმისაგან. შემდგომ პოეტის ღრმა პატრიოტულმა განწყობილებამ და ქართველ კლასიკოსთა ძლიერმა ზეგავლენამ ჩამოაშორა ესთეტიზმს.
ლეონიძე თვითმყოფი და ღრმად ეროვნული პოეტია, რომლის ადრინდელი ლირიკულმა შედევრებმა („ნინოწმინდის ღამე“, „სიმღერა პირველი თოვლისა“, 1926; „მყვირალობა“, „ყივჩაღის პაემანი“, „ყივჩაღის რამე“, 1928; „ოლე“, 1931 და სხვა) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.
საქართველოს ისტორიის წარსულისადმი მიძღვნილ ლექსთა ციკლი „ქართლის ცხოვრება“ პატარა ერის ისტორიის ტრაგიკული ფურცლებია. პოეტი წარსულშიც მომავალს განჭვრეტს; ამიტომაც მისი თუნდაც ყველაზე ტრაგიკული სტრიქონები ნათელი ოპტიმიზმით არის გამსჭვალული («წიგნი „ქართლის ცხოვრება“», «მინაწერი „ქართლის ცხოვრებაზე“», „წინაპრებს“, 1928; «მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“», 1929; „დიდ თამარს“, „დავით აღმაშენებელს“, 1941 და სხვა). ლეონიძის ღრმა პატრიოტიზმი, მისი მოქალაქეობრივი პროგრამაა ჩამოყალიბებული ლექსში „ვუმღერ სამშობლოს“, პოეტის იდეალია „ადიდებული, დამწიფებული“ სიცოცხლე, ამავე დროს, ლექსის ის უჭკნობი სიჭაბუკე, რომლის საწინდარია ლექსისა და მისი წარმომშობი ეპოქის თანხმოვანება („სიჭაბუკე და ლექსი ერთია“). საქართველოს მიუძღვნა ლექსთა ციკლი „თბილისის განთიადები“ („მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა“, 1926; „თბილისის განთიადი“, 1935; „თბილისი, ჩვენო თბილისო“, 1940; „თბილისს“, 1947 და სხვა).
პოეტი გამოეხმაურა მეორე მსოფლიო ომს („მხედარი პირტახია“, 1941; „შინმოუსვლელო, სადა ხარ?“, 1943; „არ დაიდარდო, დედაო“, 1944 და სხვა). ძნელბედობის ჟამს შექმნილი ზოგიერთი მისი ლექსი ხალხურ სიმღერად იქცა.
ლეონიძის ლირიკულ-ეპიკურ პოემებში „სამგორი“ (1960) და „ფორთოხალა“ (1951; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952) თანამედროვეობის, „ახალი ქართლის“ თემა გადაწყვეტილი ისტორიის თემასთან თავისებურ მიმართებაში. „ფორთოხალა“ ისტორიის შემოქმედი ხალხისადმი, უსახელო გლეხის ქალისადმი მიძღვნილი ჰიმნია. ლეონიძეს ეკუთვნის აგრეთვე პოემები „ბავშვობა და ყრმობა“ (1933, სტალინური პრემია, 1941), „ბერშოულა“ (1943), „რატომ არის საქართველო ლამაზი და მდიდარი“ (1957) და სხვა. 60-იანი წლების ზღურბლიდან შეიმჩნევა ლეონიძის პოეზიის ახალი აღორძინება.
ლეონიძის მოთხრობების წიგნმა „ნატვრის ხემ“ (1962, იმავე სახელწოდების ფილმი - 1976, რეჟისორითენგიზ აბულაძე) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი, პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები, გააზრებულნი დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგებიან. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადით არის გაჯერებული.
ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, ძველიხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. მისი დაარსებულია ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, აგრეთვე ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში „ლიტერატურული მატიანის“ რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.
ლეონიძემ სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევებითურთ გამოსცა მამუკა ბარათაშვილი „ჭაშნილი“ (1920), სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (1928), იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“ (1939) და სხვა. ლეონიძეს ეკუთვნის გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, მ. გურიელის, ა. ყაზბეგის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვ. ბარნოვის და სხვათა შესახებ.
დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
რევაზ ინანიშვილი
რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1926, ხაშმი, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ხაშმი — გ. 26 დეკემბერი, 1991, თბილისი) — ქართველი მწერალი.
რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა.
1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943–45–ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.
1947 წელს შევიდა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე.
1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.
1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.
1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში.
1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.
1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ ,,დილას" რედაქტორი.
პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე.
რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წლის 26 დეკემბერს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ლევან თდიაშვილი
ლევან თედიაშვილი (დ. 15 მარტი, 1948, საგარეჯო) — ქართველი მოჭიდავე (თავისუფალი სტილი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.
ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).
საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1971, 1973, 1974).
1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი „ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.
ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.
1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.
1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი. საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით, ვახტანგ თედიაშვილი 1998 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1995–2004 წლებში იყო საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2003 წელს ლევან თედიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრია. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „ლევან თედიაშვილი“.
არსენ მეკოკიშვილი
არსენ მეკოკიშვილი (დ. 12 აპრილი, 1912, სოფელი გიორგიწმინდა, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 7 მარტი, 1972, გიორგიწმინდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951). ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, სსრკ ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და შვიდგზის ჩემპიონი სამბოში.
17 წლიდან კოლმეურნეობაში მუშაობდა, იყო ბრიგადირი. პატარაობიდანვე ქართული ჭიდაობით იყო დაკავებული. მამამისი იყო ჭიდაობის ცნობილი ოსტატი. ისევე როგორც ბევრი სხვა ცნობილი ფალავანი, დიდ სპორტში არსენ მეკოკიშვილიც ქართული ჭიდაობიდან მოვიდა. 1934–1944 წლებში საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. 1936 წელს საცხოვრებლად თელავში გადავიდა, ხოლო 1939 წელს — თბილისში, სადაც ბერძნულ-რომაული ჭიდაობით დაკავდა. 1940 წელს მოსკოვში ჩავიდა მოჭიდავეების დღესასწაულზე, სადაც მონაწილეობა მიიღო ჭიდაობაში, გაეცნო რა სამბოს, იმავე წელს მოიგო სსრკ ჩემპიონატი სამბოში. 1943 წელს მონაწილეობა მიიღო სსრკ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში, სადაც დამარცხდა იოჰანეს კოტკასთან და მე-5 ადგლი დაიკავა. 1944 წელს მოსკოვში გადავიდა და იმავე წელს სსრკ აბსოლუტურ ჩემპიონატზე ჭიდაობაში ვერცხლის პრიზიორი გახდა, სადაც კვლავ იოჰანეს კოტკასთან დამარცხდა. 1944–1954 წლებში სპორტული საზოგადოება „დინამოს“, ხოლო 1940, 1947–1952 წლებში — სსრკ ჩემპიონი სამბოში.
1945, 1946, 1948–1953, 1956 წლებში სსრკ ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ოლიმპიური თამაშების (ჰელსინკი, 1952) ჩემპიონი. სტუდენტთა და ახალგზარდობის IV ფესტივალის ჩემპიონი (ბუქარესტი, 1953); 1954 წელს ტოკიოში მოიგო მსოფლიო პირველობა. უკანასკნელად 1956 წელს იასპარეზა სსრკ ხალხთა პირველ სპარტაკიადაში, სადაც 44 წლისამ დაამარცხა ყველა მეტოქე და ჩემპიონობა მოიპოვა. 1945 წლიდან გამოდიოდა მოსკოვის (რუსეთი) სახელით. 1963 წლიდან თამაშდება მეკოკიშვილის სახელობის თასი ქართულ ჭიდაობაში.
დაჯილოდებულია შრომის წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში. დაიღუპა ავტოკატასტროფის შედეგად 1972 წლის 7 მარტს გიორგიწმინდაში.