ცხელი ხაზი : 599801744

ნაკრძალები და დაცული ტერიტორიები

        მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შედის: მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი (1022,5 ჰა), ყორუღის აღკვეთილი (2068 ჰა) და იორის აღკვეთილი (2126,8 ჰა).

 

         მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე, ქ. საგარეჯოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, სოფ. ანთოკის ჩრდილოეთით მდებარეობს. მისი საერთო ფართობია 1022,5 ჰა-ს.  1959 წელს მარიამჯვრის ნაკრძალის შექმნის მთავარ მიზანს კავკასიური რელიქტის, კავკასიური ფიჭვის კერის დაცვა-შენახვა და მასზე მეცნიერული კვლევის წარმოება იყო. მათი ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება.

         მარიამჯვრის ნაკრძალის 90 % ტყითაა დაფარული. ფიჭვნარები გვხვდება ცივგომბორის ქედის როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ კალთებზე. შედარებით დიდი მასივები გიორგიწმინდის, ანთოკის, მარიამ ჯვრის და თოხლიაურის ხევების ზემო ნაწილშია განლაგებული. ნაკრძალში არსებობს როგორც სუფთა ფიჭვის კორომები, ასევე ფოთლოვან მცენარეებთაან ნარევი ტყეებიც. ფოთლოვანი ტყე ძირითადად წიფლით, მუხით და რცხილითაა წარმოდგენილი. სულ მარიამჯვრის ნაკრძალში 50 -მდე სახეობის ხე და ბუჩქია გავრცელებული

      ნაკრძალის ტერიტორიაზე ფრინველთა 34 სახეობა გვხდება, ამათგან აღსანიშნავია : სკვინჩა, საშვი, ღობემძვრალა, ქედანი, ოფოფი, გუგული, ზებრა, ტყის ბუ, მწვანე კოდალა, მიმინო და სხვა. ძუძუმწოვართაგან ნაკრძალის ბინადარნი არიან :ტყის კვერნა, ტყის  კატა, მაჩვი, მელა, კურდღელი, კავკასიური ციყვი, შველი და დათვი

      ნაკრძალის, რომელიც ერთი მხრივ სასოფლო სავარგულებს, სხვა მხრიდან კი საგარეჯოს სატყეო მეურნეობას და ცივის მთების სამთო საძოვრებს ესაზღვრება , სიმაღლე 700-800 მეტრს, ადგილებში კი 1300-1400 მეტრს აღწევს.  კლიმატი ერთფეროვანი არ არის. ნაკრძალის ქვედა ზონა ზომიერად თბილი ჰავით, საშუალო ზონა ზომიერი ჰავით, ხოლო ზედა ზონა ცივი ჰავით ხასიათდება. მთლიანად ნაკრძალის ტყის ზომიერად გრილ კლიმატურ რაიონს წარმოადგენს.

 

       ყორუღისა და იორის აღკვეთილების შექმნის მთავარი მიზნებია: უნიკალური ჭალის ტყეების (ყორუღი), ტუგაის ტიპის ტყეების (იორი) ფლორისა  და ფაუნის დაცვა, მოვლა და აღწარმოება.

გააზიარე