ცხელი ხაზი : 599801744

2019-2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების განხილვა კახეთში

2 დეკემბერი, 2019

  

 

29 ნოემბერს, კახეთში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, სადაც კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები იქნა განხილული. შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებული სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ნათია ტატიშვილმა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. სახელწმიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, უკვე ტრადიციად იქცა სამშენებლო-შემსრულებელ კომპანიებთან დიალოგის ფორმატში შეხვედრების გამართვა და მათთვის კახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. მსგავსი ფორმატის საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებსა და შემსრულებელ კომპანიებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ასევე, კომპანიებს საშუალება ეძლევათ, რომ რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობის მიხედვით წინასწარ განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობები და დაინტერესების შემთხვევაში, უზრუნველყონ რესურსების მობილიზება.
შეხვედრის მეორე ნაწილში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) ექსპერტის, ნინო ლოლაძის მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია GIZ-ისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობით, შედგენილი და მიმდინარე წლისთვის განახლებული რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესახებ.
პროგრამის „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები უკვე მეორე წელია აქტიურად თანამშრომლობენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან(GIZ), რის საფუძველზეც ხორციელდება მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაძლიერება სამოქმედო გეგმების შემუშავების კუთხით. კახეთში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, რწმუნებულის მოადგილეებმა, რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების საკრებულოს თავმჯდომარეებმა და მერებმა.

 

გააზიარე