2023 წლის ბერლინის კონფერენცია
ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმის მიწვევით, ბერლინის კონფერენციაში, საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების დელეგაციებმა ახალი საერთო პლატფორმის „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიური ქალაქები“ პრეზენტაცია წარადგინეს. ამასთან, გამართეს სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საფესტივალო ქალაქების მერებთან და დელეგატებთან.
ერთობლივი პლატფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტების პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით. ასევე, კულტურული, ტურისტული და ეკონომიკური მიმართულებების განვითარებას, გრანტების მოზიდვას და ევროპის საფესტივალო ქალაქებთან თანამშრომლობას.
ბერლინის კონფერენციაზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი, საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი, ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ქურდოვანიძე და ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი, ქეთევან გრატიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ დელეგაციების წარმომადგენლები კონფერენციის ფარგლებში, ევრო პარლამენტის თავმჯდომარის რობერტა მეცოლას სიტყვით გამოსვლას დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯო და მარნეული 2023 წლის მაისიდან შეუერთდნენ ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას, რომლის წევრებიც არიან ისეთი ქალაქები, როგორიცაა ბელგრადი, ედინბურგი, კრაკოვი, ლუბლიანა, ჟირონა და სხვა.