3 დეკემბერი - შშმ პირთა დღეა
შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა ახალგაზრდა ბენეფიციარებსა და მშობლებს მერიაში უმასპინძლა, მათ საჭიროებებს გაეცნო და საკრებულოს თავმჯდომარესთან, მოადგილესთან და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემების შესახებ დიალოგი გამართა. შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მიმდინარე რეფორმებისა თუ გადაწყვეტილებების შესახებ მათი ინფორმირებაა, რის შესახებაც საუბრისას არაერთი ინიციატივა გაჟღერდა. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით შექმნილი სამოქმედო დოკუმენტი უშუალოდ ეცნობება ყველა სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეს და რიგი საკითხების გადაჭრის მიზნით ამ მიმართულებით აქტიურად დაიწყება მუშაობა. „დღეს, როგორც არასდროს ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თითოეული წევრის ცნობიერებასა და სოლიდარობას შშმ პირების მიმართ. ამ დღეს კიდევ ერთხელ ხდება იმ გამოწვევებზე ხაზგასმა, რომლის წინაშეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. ჩვენ ბოლო ორი წლის მანძილზე არაერთი პრობლემა გადავჭერით და დაპირება სისრულეში მოვიყვანეთ. მოწესრიგდა საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი ინფრასტრუქტურა, შევიძინეთ სპეციალური ინვენტარი და დაინერგა პარა სპორტი - „ბოჩა“ , სადაც აქტიურად არიან ჩვენი ბენეფიციარები ჩართულნი. ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის პროგრამით გათვალისწინებული დახმარებები კიდევ უფრო გავზარდეთ. ახლაც, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი საჭიროებები და ქმედითი ნაბიჯები მუდმივად გადავდგათ. მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებით არ შემოვიფარგლებით და აქვე გავაჟღერებ, რომ პარა სპორტი „ბოჩას“ გუნდის წევრებს და 18-იდან 29 წლამდე პირველი ჯგუფის მქონე ახალგაზრდებს 3 დეკემბერთან დაკავშირებით, ჩემი გადაწყვეტილებით ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ“- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.