განცხადება
სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ ნავთობის და გაზის XI-H სალიცენზიო ბლოკზე (ტერიტორიულად მოიცავს გარდაბნის, მარნეულის, რუსთავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს) სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის საფუძველზე ნავთობის და გაზის ოპერაციებს ახორციელებს უცხოური საწარმოს ფილიალი „Georgia Oil & Gas Limited-ის ფილიალი საქართველოში“, რომლის დაკვეთით კონსულტანტი კომპანია შპს „გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი-ეკომეტრი“ ამზადებს ზემოაღნიშნული სალიცენზიო ბლოკის მომცველი ტერიტორიის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს“ (გზშ), რომელიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს. XI-H სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ს ა ჯ ა რ ო გ ა ნ ხ ი ლ ვ ა გაიმართება 2024 წლის 25 მარტს 14 საათზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გზშ-ის ანგარიში ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. დოკუმენტის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე (ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო/State Agency of Oil and Gas), გარდაბნის (gardabani.gov.ge), საგარეჯოს (sagarejo.gov.ge), მარნეულისა (marneuli.gov.ge) და რუსთავის (rustavi.gov.ge) მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოსა (ქ.თბილისი, სანაპიროს ქ.№2) და ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიებში ხელმისაწვდომია გზშ-ის ანგარიშის ნაბეჭდი ეგზემპლარი. საზოგადოებას უფლება აქვს გზშ-ის ანგარიშის განთავსებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით (წერილობით; საჯარო განხილვის დროს; ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების საშუალებას). საჯარო განხილვა ღიაა და საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მასში.