ქალაქ საგარეჯოში ცენტრალური სტადიონი საზეიმოდ გაიხსნა

23 May, 2018

2018 წლის 23 მაისი – ეს თარიღი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ისტორიაში შევა, როგორც ხელისუფლების მიერ სპორტის ხელშეწყობის აბსოლუტურად ახალი ეტაპი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, პარლამენტში საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რომან მუჩიაშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ოთარ ჩალათაშვილმა ახლად რეაბილიტირებული სტადიონი საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მათ სიტყვაში გამოსვლისას აღნიშნეს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტის განვითარებისა და მოსახლეობის ფართო ფენებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა საქართველოს ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტსა და ამოცანას წარმოადგენს. ითქვა ისიც, რომ ამ მიმართულებით კვლავაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ სპორტის სხვა სახეობათა განვითარებისთვისაც. სიტყვაში გამომსვლელებმა ეს ისტორიული თარიღი მიულოცეს როგორც იქ დამსწრე პროფესიონალ ფეხბურთელებსა და ვეტერან სპორტსმენებს, ისე სტადიონზე მყოფ, ფეხბურთის მაისურებში გამოწყობილ ბავშვებსა და მთელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. საგარეჯოს საფეხბურთო კლუბ „გარეჯის“ ხელმძღვანელმა ლაზარე დათუნაშვილმა მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ერბოწონაშვილს, სტადიონის რეაბილიტაციისას გამოვლენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა: კლუბის მაისური – 41–ე ნომრით და ლევან კობიაშვილის ავტოგრაფით. აღსანიშნავია, რომ სტადიონის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია გასული წლის ოქტომბრის მიწურულს დაიწყო. ამ პროექტის განხორციელებაზე საერთო ჯამში 636 557 ლარი დაიხარჯა. აქედან, თანხის უმეტესი ნაწილი რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა, გარკვეული ნაწილი კი – მუნიციპალურმა ბიუჯეტმა. შეიძლება ითქვას, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ამ მასშტაბის პროექტი მრავალი წელია არ განხორციელებულა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მეორე პროექტის განხორციელებაც, რომელიც მიზნად ისახავს ტრიბუნების რეაბილიტაციას, საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემის, აგრეთვე გასახდელებისა და საშხაპეების მოწყობას. ტრადიციისამებრ, საზეიმო ღონისძიება დაამშვენა კონცერტმა; სოფელ პატარა ჩაილურის ქორეოგრაფიული ანსამბლმა „ლაშქრულმა“, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „პატარა გარეჯელებმა“ და კულტურის სახლთან არსებულმა ხელოვნების სკოლა-სტუდია „მირელამ“ ულამაზესი ქორეოგრაფიული ნომრები და სიმღერები შეასრულეს. საზეიმო ღონისძიება დაასრულა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის კალენდარულმა მატჩმა, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ საგარეჯოს „გარეჯი“ და აჩაბეთის „ლიახვი“. შეხვედრა დასრულდა მეგობრული ანგარიშით 3:3. დამსწრე საზოგადოება კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ სტადიონზე, სადაც 8 თვის წინ ნორმალურად ვარჯიშიც კი შეუძლებელი იყო, დღეს ეროვნული ჩემპიონატის მატჩი უპრობლემოდ ტარდება.

 

 

გააზიარე