საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდული კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა
ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა - ავთანდილ გულიკაშვილმა მოადგილეებთან - ემზარი კუჭუაშვილთან, გიორგი ლალიაშვილთან და კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელ-არჩილ ჯაბადართან ერთად ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ახალგაზრდული კომიტეტის წევრთა შესარჩევი კონკურსი. კომიტეტის მიზანია მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და პროცესების შეფასება. “ახალგაზრდული კომიტეტი”, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. აპლიკანტებმა მერთან შეხვედრისას არაერთი ინიციატივა გააჟღერეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ბატონმა ავთანდილ გულიკაშვილმა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან, ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლენის მიზნით, სოციოლოგიური კვლევის ჩატარების ორგანიზება ითხოვა, რათა სამომავლო პრიორიტეტები და სამუშაო სტრატეგიის შემუშავების პროცესში თავად ჩაერთოს და დასახოს წლის გეგმა. „ამ მიმართულებით გეგმური შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და აქტიური მუშაობა დაიწყება ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების კუთხით. თავად გავუწევ მონიტორინგს ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა მიმართულებით: გარემოს დაცვა, კულტურული აქტივობები, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესს. გარდა ამისა, არსებობს რიგი საკითხებისა, სადაც ახალგაზრდების ხედვა და მათი კომპეტენცია აუცილებელია, რათა მაქსიმალურად სწორად განვსაზღვროთ მომავალი თაობისთვის საჭირო სტრატეგია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას და კოორდინირებულად შევიმუშავებთ და დავგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს. მე იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა იქნება საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის საფუძველი - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა. „ახალგაზრდული კომიტეტი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებით დაკომპლექტება და მათი ძირითადი ფუნქციები იქნება: ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება; მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა; ახალგაზრდებთან შეხვედრების ორგანიზება, თემიდან წამოსული იდეების დამუშავება, შეჯერება და მათ საფუძველზე მერიის მიერ ახალგაზრდებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის დაგეგმვა. ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ; ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების შესახებ; მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, კომიტეტის საქმიანობის ხელშეწყობისთვის გამოიყოფა სივრცე, აღჭურვილი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით; დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისა და შესრულებისთვის კომიტეტის წევრები პერიოდულად გადამზადდებიან მათთვის საჭირო თემატურ საკითხებზე.