საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრებო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ!
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 861-ე მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის 28 ივლისის #253 ბრძანებით დამტკიცდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულება. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
საბჭოს მიზანია: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობაში საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსახლეობასა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის საქმიანობის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის საქმიანობაში.
საბჭო უფლებამოსილია: წელიწადში ერთხელ განიხილოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია; მოამზადოს, განიხილოს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობელს წარუდგინოს წინადადებები მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოაწყოს დისკუსიები და საზოგადოებრივი განხილვები; მონაწილეობა მიიღოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში; სხდომაზე მოიწვიოს და მოუსმინოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელებს; მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის მომზადების პროცესში და განიხილოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსთვის მის წარდგენამდე; განიხილოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტების პროექტები; განიხილოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები; განიხილოს სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები; განიხილოს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები; განახორციელოს საბჭოს დებულებით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
მრჩეველთა საბჭოს დებულების მე-4 მუხლით განისაზღვრა საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა, სადაც შედიან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრებო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები.
საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის მსურველებს (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრებო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლებს), უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის გამგებელს საბჭოს წევრად შერჩევის მიზნით განცხადებით მიმართონ საბჭოს დაკომპლექტების შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში.