საგარეჯოს მუნიციპალიტეტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ესტუმრა
დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ესტუმრა. ფაიგ გულიევმა მუნიციპალიტეტის მერთან, ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად სოფელ იორმუღანლოში, 9 აპრილისა და 20 იანვრის გმირთა მემორიალი თაიგულებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
9 აპრილისა და 20 იანვრის გმირთა მემორიალს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ორივე ქვეყნის მთლიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება. გმირებს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი არიან.
1990 წლის 20 იანვარი, როგორც შავი იანვარი ასე შევიდა ბაქოს ისტორიაში. 130 მშვიდობიანი დემონსტრანტი შეეწირა მიტინგის დარბევას. ამ გმირთა საპატივსაცემოდ, 1991 წელს, ცნობილმა კერამიკოსმა - ზაჰიდ ჰუსეინოვმა სოფელ იორმუღანლოში - ქართველ და აზერბაიჯანელ გმირთა ერთიანი მემორიალი შექმნა თავისუფლებისთვის მებრძოლთა სიმბოლოდ.
სტუმრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 1989 წლის 9 აპრილი და 1990 წლის 20 იანვარი კიდევ ერთხელ გაიხსენეს, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს ქედი მოუხარეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
დღესვე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, სტუმრებთან, მოადგილესთან, გიორგი ლალიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილთან ერთად, სოფელ იორმუღანლოში, კომპანია „სოკარის“ მიერ მშენებარე თანამედროვე სტანდარტების 150 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის დასკვნითი სამუშაოები ადგილზე მოინახულა.