ცხელი ხაზი : 599801744

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ფორუმი გაიმართა

8 თებერვალი, 2024

საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტები 2023 წელს ოფიციალურად შეუერთდნენ ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას და მემორანდუმზე ხელმოწერით პლატფორმის წევრები გახდნენ. აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე, აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის და ევროპის საფესტივალო ასოციაციის - ევროპის საფესტივალო ქალაქების ფარგლებში, შეიქმნა „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა“, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის - საგარეჯოს და მარნეულის პოპულარიზაციას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს -საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე- ალექსი გილაშვილმა,  კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა. ფორუმს უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე.

ფორუმი სამი სესიისგან შედგებოდა. ერთ-ერთი ნაწილი დაეთმო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ტურიზმის პოტენციალისა და კულტურის ისტორიის  მიმოხილვას, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების მიერ პრეზენტაციების სახით იყო წარმოდგენილი. გაიმართა საიმიჯო ვიდეორგოლის პრეზენტაცია - „ საგარეჯო-სამუდამოდ მეხსიერებაში“.

შემაჯამებელ და სადისკუსიო ნაწილში კი საგარეჯოს, როგორც ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმის წევრი ქალაქის სამომავლო გეგმებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრეს საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.

მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებულ, ერთობლივ ფორუმში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და 10 ქვეყნის დელეგატები იღებდნენ მონაწილეობას.

 

გააზიარე