შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საგარეჯოში
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ (International Day of Persons with Disabilities) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წლიდან იქნა დაწესებული. ეს არის თარიღი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები ჩვენს გარშემო მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამოქალაქეების მიმართ. ამ დღეს საქართველო უკვე მეშვიდედ აღნიშნავს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივით ქ.საგარეჯოს კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან. ბავშვებისთვის ადგილობრივი მომღერლების შესრულებით მოეწყო კონცერტი სადაც შშმ პირებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.
ღონისძიებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მერის მოადგილეები ალექსი გილაშვილი და პაატა ასრათაშვილი ესწრებოდნენ. „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, თქვენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ხართ, ჩვენი ინიციატივით კიდევ არაერთი ღონისძიება ჩატარდება, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს საზოგადოებასთან ინტეგრაციას“ განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა. კონცერტის დასასრულს ბავშვებს თოვლის პაპამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის სტუდია „მი რე ლას“, მის ხელმძღვანელს მარინა ურდულაშვილს, მსახიობ მიხეილ ხოკერაშვილს და ღონისძიების თითოეულ მონაწილეს თანამშრომლობისთვის.