შპს „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპის“ სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ

8 ივლისი, 2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გიორგიწმინდაში შპს „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობასა და ექსპლუატაციაზე სკრინინგის გადაწყვეტილების შესახებ შპს „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპის“ (ს.კ 438117994) მიერ, გზშ-ის საჭიროების დადგენის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გიორგიწმინდაში სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სკრინინგის განცხადება. წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ შპს „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპის“ მიერ დაგეგმილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გიორგიწმინდაში, კომპანიის საკუთრებაში არსებულ 2713 მ 2 ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 55.11.51.209) სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშახრეშის) სამსხვრევ-დამხარისხებელი საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია. საპროექტო ტერიტორიას ჩრდილოეთით და სამხრეთით ესაზღვრება „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპის“ კუთვნილი სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ხოლო აღმოსავლეთით და დასავლეთით დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები. უახლოესი საცხოვრებელი სახლი საპროექტო ტერიტორიიდან დაცილებულია დაახლოებით 780 მეტრით. ნაკვეთის საკადასტრო საზღვრიდან დაახლოებით 86 მეტრში გადის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის სავტომობილო გზა, ხოლო დაახლოებით 100 მეტრში განთავსებულია გაზგასამართი სადგური. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილი საწარმო იმუშავებს წელიწადში 330 დღეს, 12-საათიანი რეჟიმით და წლის განმავლობაში სველი მეთოდით გადაამუშავებს 198000 ტონა სასარგებლო წიაღისეულს, საათში - 50 ტონას. საწარმოში დასაქმებული იქნება დაახლოებით 10 ადამიანი. სკრინინგის ანგარიშის მიხედვით, საპროქტო საწარმო დაკომპლექტებული იქნება მკვებავი ბუნკერით, ყბებიანი სამსხვრევით, როტორული სამსხვრევით, ორი სამშრიანი ვიბრაციული საცერით, ქვიშის სარეცხით და ექვსი ლენტური ტრანსპორტიორით. საპროექტო ტერიტორიაზე აგრეთვე მოეწყობა პროდუქციის სხვადასხვა ფრაქციისათვის განკუთვნილი შესანახი ადგილი, ნედლეულის შესანახი ადგილი, პანდუსი და დამხმარე ზონა. საპროექტო ტერიტორიაზე ჩამდინარე წყლებისათვის მოწყობილი იქნება 84 მ 3 მოცულობის სამსექციანი სალექარი პარამეტრებით: 15მ X 2.8მ. საწარმოს ნედლეულით მომარაგება დაგეგმილია საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს არსებული (ჩრდილოეთით 100 მეტრის მანძილზე) ლიცენზირებული კარიერიდან, საიდანაც ნედლეულის ტრანსპორტირება განხორციელდება მძიმე ტვირთამწეობის ავტოთვითმცლელებით. სკრინინგის განცხადების თანახმად, სამუშაო დღის განმავლობაში დაგეგმილია მაქსიმუმ 40 ოპერაცია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტირების დროს ავტოთვითმცლელები არ გაივლიან დასახლებულ პუნქტებს. საწარმოს ფუნქციონირების ეტაპზე, ქვიშა-ხრეშის გადამუშავება განხორციელდება შემდეგი ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად: თავდაპირველად ნედლეული მიეწოდება მიმღებ ბუნკერს, ხოლო შემდეგ გადაინაცვლებს ჰორიზონტალურ საცერში, საიდანაც ქვიშა მიეწოდება სარეცხ დანადგარს, ქვიშაგამოცლილი მასა კი გადაიტანება სამსხვრევ დანადგარში. სამსხვრევი დანადგარიდან დამსხვრეული მასალა გადაინაცვლებს ჰორიზონტალურ საცერზე, სადაც გაირეცხება და დახარისხდება სხვადასხვა ზომის ფრაქციებად. საწარმოო და სამეურნეო მიზნებით წყალაღება განხორციელდება საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილიდან. ტექნოლოგიური პროცესისათვის განკუთვნილი წყალი ჩართული იქნება ბრუნვით სისტემაში. საწარმოო წყლისათვის გამოყენებული იქნება 50მ3 მოცულობის რეზერვუარი. სამსხვრევ-დამახარისხებელ დანადგარში გამოყენებული წყალი გაიწმინდება სალექარში და ბრუნვითი სისტემით დაბრუნდება წარმოებაში. სკრინინგის განცხადების თანახმად, ბრუნვით სისტემაში დანაკარგების შესავსებად საჭირო იქნება დღიურად 24 მ 3 მოცულობის წყალი (7920 მ 3 /წელიწადში). სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლებისათვის მოწყობილი იქნება საასენიზაციო ორმო, რომლის დაცლაც განხორციელდება საასენიზაციო მანქანების საშუალებით. სკრინინგის განცხადების მიხედვით, საქმიანობის განხორციელებისას კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართვა მოხდება ავტოგასამართ სადგურებში, ასევე ზეთის გამოცვლა მოხდება ტექმომსახურეობის ობიექტებში, შესაბამისად, სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა მოსალოდნელი არ არის. თუმცა ობიექტის ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური კონტეინერი და წარმოქმნის შემთხვევაში, სახიფათო ნარჩენები სამართავად გადაეცემა შესაბამისი ნებართვის მქონე კომპანიას. სალექარში საწარმოო ჩამდინარე წყლების გაწმენდის შედეგად დარჩენილი ლამი დროებით დასაწყობდება საწარმოს ტერიტორიაზე და მისი გატანა მოხდება სარეალიზაციოდ. სკრინინგის განცხადების მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე ნიადაგის ნაყოფიერი ფენა წარმოდგენილი არ არის. ტერიტორია დაფარულია ქვიშა-ხრეშოვანი მასალით და თავისუფალია მცენარეული საფარისაგან. სკრინინგის ანგარიშის თანახმად, საინჟინრო გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით საპროექტო ტერიტორია მიეკუთვნება I (მარტივი) სირთულის კატეგორიას. ამგები გრუნტები მდგრადია და გართულებები მოსალოდნელი არ არის. დაგეგმილი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე მოსალოდნელია მავნე ნივთიერების - არაორგანული მტვრის წარმოქმნა და ჰაერში გაფრქვევა. სკრინინგის განცხადებაში წარმოდგენილია და შეფასებულია ატმოსფერულ ჰაერზე მოსალოდნელი ზემოქმედება და გაფრქვევის წყაროები. დოკუმენტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება განხორციელდება სველი მეთოდით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში გამოყოფილი არაორგანული მტვრის რაოდენობას, შესაბამისად, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციების ნორმირებულ მაჩვენებელზე გადაჭარბება მოსალოდნელი არ იქნება. ამასთან, საწარმოს მდებარეობის გათვალისწინებით, უახლოეს მოსახლესთან (780 მ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე ზემოქმედება არ იქნება მნიშვნელოვანი. სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციისას ტექნოლოგიურ პროცესში ჩართული დანადგარებიდან (სამსხვრევი, ცხაური, ტრანსპორტიორები და სხვ.). მოსალოდნელია ხმაურის წარმოქმნა და გავრცელება. სკრინინგის განცხადებაში შეფასებულია მოსალოდნელი ხმაურის დონეები და წარმოდგენილია გაანგარიშებების ცხრილი, რომლის თანახმადაც უახლოეს საცხოვრებელ სახლთან (780 მ) ხმაურის დონე არ გადააჭარბებს დასაშვებ მნიშვნელობებს. სკრინინგის განცხადებაში განხილული და შეფასებულია საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე გარემოზე შესაძლო კუმულაციური ზემოქმედების საკითხები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, საწარმოს სიახლოვეს არ ფუნქციონირებს მსგავსი ტიპის საწარმოო ობიექტები, შესაბამისად, კუმულაციური ზემოქმედება მოსალონელი არ არის. საპროექტო ტერიტორიაზე, ასევე მის სიახლოვეს წარმოდგენილი არ არის დაცული ტერიტორიები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სკრინინგის განცხადება გამოქვეყნდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო დაფაზე. საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები არ ყოფილა წარმოდგენილი. სკრინინგის განცხადებით დგინდება, რომ საპროექტო საწარმოს ადგილმდებარეობის, მასშტაბისა და ტექნოლოგიური ციკლის (სველი მეთოდი) გათვალისწინებით, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელება დაკავშირებული არ არის გარემოზე მნიშვნელოვან ზემოქმედებასთან. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ასევე ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის’’ მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის და ამავე კოდექსის II დანართის მე-5 პუნქტის 5.1 ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. მიღებულ იქნეს სკრინინგის გადაწყვეტილება, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გიორგიწმინდაში შპს „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია არ დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას; 2. შპს „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპი“ ვალდებულია საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის’’ მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად უზრუნველყოს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნებისა და გარემოსდაცვითი ნორმების დაცვა; 3. ბრძანება დაუყოვნებლივ გაეგზავნოს შპს „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპს“; 4. ბრძანება ძალაში შევიდეს შპს „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპის“ მიერ ამ ბრძანების გაცნობისთანავე; 5. სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემიდან 5 დღის ვადაში სკრინინგის გადაწყვეტილება განთავსდეს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე; 6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე12 კმ. N6) მხარის მიერ მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში

გააზიარე