ცხელი ხაზი : 599801744

სოფელ კაკაბეთში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დასკვნით ფაზაშია

1 სექტემბერი, 2023

სოფელ კაკაბეთში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დასკვნით ფაზაშია. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 1 019 300 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა მოადგილესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე მოინახულა, კომპანიის წარმომადგენლებს ესაუბრა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისკენ მოუწოდა. „ ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა. პრიორიტეტად დავსახეთ სოფლის ცენტრალური მონაკვეთები და შიდა საუბნო გზები, სადაც არასდროს არ ყოფილა ასფალტის საფარი. სოფელ კაკაბეთში, ეს გახლავთ ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული უბნის სასაფლაოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა და მისი განშტოება-შიდა საუბნო გზა. მოგეხსენებათ, რა რთულია ნალექიან ამინდში გადაადგილება. ამ სოფელში მთავარ პრიორიტეტად დავსახეთ აღნიშნული გზის მოასფალტება, თუმცა მხოლოდ ამ პროექტით არ შემოვიფარგლეთ, ასევე ავაშენეთ 80 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის შენობა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღის ეზოს და მიხარია, რომ ახალი სასწავლო წლიდან კაკაბეთელები თანამედროვე სტანდარტების სააღმზრდელო დაწესებულებით ისარგებლებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. შესყიდვის პროცესშია ასევე ჯაფარიძისა და რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას შევუქმნათ შესაბამისი პირობები. “ - აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა

გააზიარე